CEEMAN

ceeman1„ბიზნესლიდერი დღეს არაა ადამიანი, რომელიც აზროვნებს მხოლოდ ეროვნული მასშტაბით, ეს არის ადამიანი, რომელიც აზროვნებს საერთაშორისო მასშტაბით და სწორედ საერთაშორისო აზრთა გაზიარებას ემსახურება სიმენის საერთაშორისო კონფერენცია, ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა სრულიად საქართველოსთვის“.

ასე  აფასებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე მე–19 CEEMAN-ის  საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ტრადიციისამებრ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 2011 წელს კი პირველად, საქართველოში მოეწყო.

კავკასიის უნივერსიტეტი, ქვეყნის მასშტაბით, ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელმაც სიმენის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ყოველწლიური კონფერენცია 4 დღის განმავლობაში  თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში სექტემბრის თვეში გაიმართა. კავკასიის უნივერსიტეტის თანაპარტნიორობით კონფერენცია წინა წლების მსგავსად მასშტაბური აღმოჩნდა.  2011 წელს კონფერენციის მონაწილეთა რიცხვი დაახლოებით 150 კაცი იყო. წარმომადგენლები მსოფლიოს 32 ქვეყნიდან –ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილოეთ და ლათინო–ამერიკის მასშტაბით– თანამედროვე მსოფლიოს აქტუალურ თემაზე  “Management Education in a Changing World: Are We Ready for the Challenge?” სასაუბროდ შეიკრიბნენ.

კონფერენცია სიმენის პრეზიდენტმა დანიცა პურგმა,  კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა  კახა შენგელიამ და საქართველოს რეგიონალური განვითარების მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა გახსნა. მათ მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე ცვლილებებსა და ბიზნეს განათლების სფეროში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

კონფერენციის ფარგლებში განხილული თემები სპიკერებისა და მათი პროფესიული გამოცდილების ფონზე გადანაწილდა.  საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ბიზნეს სფეროში არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე გაამახვილა.  კონფერენციაზე მოწვეულ სპიკერებს შორის მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს სკოლების დეკანები და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები იყვნენ. მათ მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და მათ ხელთ არსებული ინფორმაციის გაცვლის შედეგად ბიზნეს განათლების სფეროს განვითარებისთვის მიზნებიც დასახეს.

სიმენის საერთაშორისო კონფერენცია საზეიმო ვითარებაში,  გალა დინერით დაიხურა. საღამოს განმავლობაში კონფერენციის პრეზიდენტმა ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეები სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვა.