zaza
 
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლის ვებ-გვერდზე!

ურთიერთობის ამგვარი ფორმა თქვენთვის არის საშუალება გაიგოთ ჩვენი სკოლის მისია; ეს არის თქვენი პერსპექტივისა და საკუთარი ადგილის პოვნის შანსი. აქ სტუმრობისას დარწმუნდებით, რომ ეს არის ადგილი მრავალი სიურპრიზის, მუდმივი განახლებისა და აზრების დაპურების.

სკოლა გთავაზობთ საუკეთესო განათლების მიღების თანამედროვე მოდელს, რომელიც აწ უკვე კარგად არის ადაპტირებული ქართულ სინამდვილესთან.

სამართალმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამამ 2005 წელს, კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად აიდგა ფეხი. ჩვენი სტუდენტების პირველივე ნაკადი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, სახელმწიფო გრანტით უზრუნველყოფილნი ჩაირიცხნენ პირველ კურსზე. ამჟამად სკოლაში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე 500–მდე სტუდენტი იღებს უმაღლეს იურიდიულ განათლებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ახალგაზრდებით და ვამაყობთ იმითაც, რომ საქართველოში უმაღლესი იურიდიული განათლების ახალი სისტემის დამკვიდრებაში კავკასიის სამართლის სკოლამ საკუთარი სიტყვა თქვა, დააწესა გარკვეული ათვლის წერტილი და საგანმანათლებლო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის განაცხადი გააკეთა. ამასთან, გვჯერა, რომ სკოლის პროფესურა, რომელთა საკვალიფიკაციო ნიშნული ევროპული სტანდარტების ტოლფასია, ყოველთვის სკოლის პრესტიჟის ძირითადი გარანტი დარჩება.

ხალხი, რომელიც კავშირშია კავკასიის სამართლის სკოლასთან, უნივერსიტეტის საზღვარგარეთელი პარტნიორები აღიარებენ, რომ ჩვენი ტრეინინგები არ არის მშრალი ინტელექტუალური სავარჯიშო და ის იურისპრუდენციაში მრავალფეროვან ალტერნატივას გვთავაზობს.მე ვიმედოვნებ, ჩვენთან სტუმრობით, თქვენ სამუდამოდ დარჩებით ჩვენ გულშემატკივართა მრევლში.

ზაზა მარუაშვილი
კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი, დოქტორი, პროფესორი.