თამუნა პავლიაშვილი
მედიის სკოლის სტუდენტი
რიგა, 2016


tamuna pavliashviliვერასდროს წარმომეგინა, თუ ოდესმე გამიჩნდებოდა განცდა, რომ სხვა ქვეყანაში დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ შევძლებდი. უკვე მრავალი წელია ჩემი მშობლები ესპანეთში ცხოვრობენ და დამოუკიდებლობა დაბრკოლება ჩემთვის არასდროს ყოფილა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უცხო ქვეყანაში 4 თვე მარტო ცხოვრებისა და სწავლის წარმოდგენამ თავიდან ცოტა შემაშინა.

ძალიან მაგარია, როდესაც ისეთ უნივერსიტეტში სწავლობ, სადაც უცხო ქვეყანაში გაცვლით პროგრამაზე წასვლა, ისეთივე მარტივია, როგორც ბათუმში ჩასვლა. 2 წლის განმავლობაში გექნება სწავლის კარგი შედეგი, დაამტკიცებ, რომ კარგად ფლობ ინგლისურ ენას (ან რომელიმე სხვასაც) და უკვე გაცვლითი პროგრამის სტუდენტი ხარ.

არ მიყვარს სიცივე, მაგრამ მაინც ლატვიაში ვარჩიე წასვლა, ალბათ იმიტომ, რომ ჩემმა მეგობრებმა, თავიანთი გამოცდილება გამიზიარეს და მეც მათ კვალს გავყევი ტურიბას უნივერსიტეტში.

რიგაში მე და ჩემი მეგობარი, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის  სტუდენტი, ანასტასია ცირეკიძე წავედით. პირველი დღე ემოციური იყო, რადგან დაახლოებით ორმოცდაათი სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტი გავიცანით და დანარჩენი დღეებიც მათთან ერთად გავატარეთ.

ძალიან კარგია, როდესაც სახლში კომფორტს და ოჯახის მზრუნველობას მიჩვეული საერთო საცხოვრებელში ხვდები, სადაც სხვისი არეული სამზარეულოს დალაგებაც გიწევს და ხმაურის ატანაც, თუმცა ეჩვევი. ერთ კვირაში, ჩვენი ორსართულიანი ხის საწოლი, იმაზე უფრო საყვარელი გახდა, ვიდრე გვეგონა. ახლა ძალიან გვენატრება.

სასწავლო პროცესში ყველაზე მეტად პროდუსინგის ლექციები მომწონდა, ლატვიის სახელმწიფო ტელევიზიის ერთ-ერთი პოპულარული გადაცემის პროდუსერი გვიკითხავდა. კარგი გამოცდილება იყო მასთან ურთიერთობაც და ლატვიის რადიოსა და ტელევიზიის მონახულებაც.

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტს არამგონია რომელიმე უნივერსიტეტში სწავლა გაუჭირდეს, რადგან ჩვენ მიჩვეულები ვართ ყოველდღიურ დაძაბულ რეჟიმს, როცა ერთ დღეში 4 წიგნის წაკითხვაც უნდა მოასწრო და პრეზენტაციის გაკეთებაც, ამიტომ ჩვენთვის სწავლა რთული არ ყოფილა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ IELTS-ის გამოცდა წარმატებით ჩავაბარე, მუდმივად ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია ჩემთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

ლექტორებსაც და სტუდენტებსაც  გამორჩეულად მოსწონდათ ჩვენი პრეზენტაციები. რეკლამის საგნის პრეზენტაციის შემდეგ მთელი აუდიტორია ფეხზე წამოდგა და ტაშს მიკრავდა.

მიხარია, რომ ისეთი უნივერსიტეტის სტუდენტი რომ ვარ, რომელიც ხარისხთან ასოცირდება. ხშირად ვამბობ, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ყველასგან დამოუკიდებლად მივიღე, იყო კავკასიის უნივერსიტეტში ჩაბარება. ზუსტად ვიცი, რომ არასდროს ვინანებ ამას. კავკასიის მედიის სკოლა არა მხოლოდ ცოდნის, არამედ დაუვიწყარი მოგონებების პატარა სახლია.
თენგო ტაბატაძე
მედიის სკოლის სტუდენტი
ერევანი, 2016

Tengoახლა, როცა ფინიშისკენ გავდივართ და კიდევ ერთხელ ვეკითხები თავს, რატომ კავკასიის მედის სკოლა? პასუხი ძალიან მარტივია: სხვადასხვა  საკითხისადმი ინტერესის გაღმავება, საინტერესო გარემო და ადამინები, რომელთა გარეშე ქართული ჟურნალისტიკა უბრალოდ არ არსებობს. სხვა ბევრი მიზეზის გარდა, მედიის სკოლა ისეთ პროექტებში მონაწილეობის საშუალებასაც იძლევა, რომელიც ჩვენი კარიერული წინსვლისა და პირადი კონტაქტების შესანიშნავი წყაროა.

ერთ ამბავს მოგიყვებით: რამდენიმე დღის წინ, Radio CSM-ის გუნდი - მე, დათო ჭუმბურიძე, მაგდა სარსევანიძე და ვატო ყიფიანი, ერევანში კონფერენფერენციაზე ვიყავით. სომხეთის, ამ უძველეს, წითელ ქალაქში ექვსი ქვეყნის (გერმანია, პოლონეთი, სომხეთი, მაკედონია, სერბეთი და საქართველო) ახალგაზრდები საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად შევიკრიბეთ. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე, როგორებიცაა: სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა, ყარაბაღის კონფლიქტი, სომეხთა გენოციდი. ასევე, კონფერენციაში მონაწილე ქვეყნებში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ გამოწვევებზე.

კონფერენცია გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია Youth4Media-ს მიერ იყო ორგანიზებული. კავკასიის მედიის სკოლა ამ ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრია და ამ საინტერესო სივრცეშიც სწორედ CSM-ელობის გამო მოვხვდით.

გარდა ტრენინგებისა და კონფერენციისა, მოვაწყვეთ დებატები, ჩავატარეთ ინტერკულტურული საღამო, დავაგემოვნეთ ერთმანეთისგან განსხვავებული ტრადიციული კერძები და სასმელი.  დავათვალიერეთ სომხეთის კულტურული ღირსშესანიშნაობები...  მაგრამ არანაკლებ საინტერესო იყო (თუ ყველაზე არა) "საღამოს შეხვედრები აივანზე". ჩვენთვის, კომფორტულად, მარტო, გათენებამდე ვსაუბრობდით ყველაფერზე: მუსიკაზე, წიგნებზე, პროფესიულ საქმიანობაზე, სამომავლო გეგმებზე. ამ საუბრების შემდეგ შემიძლია თამამად ვთქვა, მე, დათოს, მაგდასა და ვატოს ამ ქვეყნებში გვყავს მეგობრები, რომლებიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხში დაგვეხმარებიან - ქვეყნის დათვალიერებიდან დაწყებული, სამსახურის შოვნით დამთავრებული.

ალბათ, ეს არის მსგავსი პროექტების  ყველაზე ძლიერი მხარე!

თაკო შეროზია
მედიის სკოლის სტუდენტი
ლატვია, 2015

tako sheroziaკავკასიის უნივერსიტეტში ჩაბარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ის იყო, რომ ვიცოდი გაცვლითი პროგრამით ევროპაში სწავლის საშუალება მომეცემოდა. მედიის სკოლაში 5 სემესტრის წარმატებით დამთავრების შემდეგ 4 თვით რიგაში, კერძოდ, ტურიბის უნივერსიტეტში წავედი სასწავლებლად.

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტობამ გამიმარტივა ლატვიის განათლების სისტემასთან მორგება. ტურიბაში კომუნიკაციების ფაკულტეტზე ვსწავლობ. ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ წარმატებულ სტუდენტებთან და თავიანთ სფეროში დამკვიდრებულ ლექტორებთან ერთად მუშაობამ ჩემი პროფესიის ახლებურად დანახვის საშუალება მომცა.

მონაწილეობა მივიღე რამდენიმე მნიშვნელოვან კონფერენციაში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის მედიის სისტემის დახვეწასა და განვითარებას ეხებოდა, ბევრ საინტერესო ადამიანთან დისკუსიამ და ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებამ არა მარტო კარიერულად გამზარდა, არამედ დიდი გამოცდილებაც მომცა. სხვა ქვეყანაში სწავლა და ცხოვრება დამეხმარა ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, ინდივიდუალიზმისა და თვითდაჯერების რწმენის გაღრმავებაში.

მკაცრი ლატვიური სიცივის მიუხედავად, რიგამ ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა. ახალი კულტურა, შეხედულებები და ხალხი გავიცანი, ბევრი დაუვიწყარი მოგონება და მეგობარი შევიძინე. მთელი ცხოვრების განმავლობაში გამყვება რიგის სიცივის შეგრძნება და ამ საოცრად მოწესრიგებულ, თბილ, პუნქტუალურ ხალხთან ურთიერთობის გამოცდილება.

ლატვიას აუცილებლად ვეწვევი კიდევ ერთხელ. სტუდენტური ლატვიიდან ტურისტულ ლატვიამდე გასავლელი გზა კი, დარწმუნებული ვარ, წარმატებული კარიერული სვლით იქნება გავლილი.


სალომე ძნელაძე
მედიის სკოლის სტუდენტი
მიუნსტერი, 2015

აბიტურიენტობისას, მაშინ როდესაც პროფესია ავირჩიე, ზუსტად ვიცოდი, სად უნდა შემესწავლა ეს პროფესია. კავკასიის უნივერსიტეტი, კონკრეტულად მედიის სკოლა, ამ სფეროში უკონკურენტო იყო ჩემთვის. პირველი ჩავწერე და როდესაც ვნახე რომ ჩავირიცხე, უკვე ვიცოდი რომ დიდი ოჯახის ახალი წევრი   გავხდი.

ჩვენს უნივერსიტეტს არაერთი ევროპელი, და არა მარტო ევროპელი, პარტნიორი ჰყავს. სწორედ ამის წყალობით 2015 წლის მაისში წავედი გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში. მედიის სკოლის პარტნიორი ორგანიზაცია - Youth4media ათი წლის გახდა და იუბილის აღნიშვნასთან ერთად გენერალური ანსაბლეა გამართა. ჩემმა მედიის სკოლამ დიდი ნდობა გამომიცხადა და ამ ღირსშესანიშნავ თარიღზე დასასწრებად უნივერსიტეტის წარმომადგენლად მე მიმავლინა.

ეს მოგზაურობა ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა და გამოცდილება აღმოჩნდა. 21 წლის ასაკში პირველად მომიწია მარტო მგზავრობა და ცხოვრება, რაც სიმართლე გითხრათ პირველ დღეს ძალიან რთულიც მომეჩვენა და გამიჭირდა კიდეც. თუმცა მეორე დღეს ყველაფერი მაშინვე შეიცვალა, როგორც კი პარტნიორები გავიცანი. დამხვდა ოჯახური გარემო და ბევრი ახალი მეგობარი სხვადასხვა ქვეყნიდან. მათთან ურთიერთობამ ბევრი ისეთი რამ მასწავლა, რაც მომავალში ახალი ურთიერთობების დამყარებაში დამეხმარება და გამომადგება. ამას გარდა, მქონდა საქმიანი საუბრები, მონაწილეობა მივიღე დისკუსიებში, გავხდი უფრო თავდაჯერებული.

ქალაქი მიუნსტერი გერმანიის ერთი პატარა ძალიან თბილი ქალაქია. დაბალი ძველებური შენობები, ბევრი მწვანე და ხალხმრავალი ქუჩები. ქუჩებში შევხვდებით ყველა სახის და ასაკის ხალხს. მიუნსტერს აუცილებლად ვესტუმრები კიდევ, ვესტუმრები მეუღლესთან ერთად და ქალაქს, უკვე როგორც ტურისტი, ისე გავიცნობ.

გუკი გიუნაშვილიguki giunashvili
მედიის სკოლის სტუდენტი
პრაღა, 2015

როდესაც პირველად კავკასიის უნივერსიტეტში ფეხი შევდგი, ვიცოდი, რომ ეს ზუსტად ის ადგილი იყო, საიდანაც ჩემი მომავლის შენებას ვიწყებდი. არც შევმცდარვარ.

2014 წლის შემოდგომის სემესტრში კავკასიის მედიის სკოლის რეიტინგში პირველი ადგილზე აღმოვჩნდი და უნივერსიტეტის დახმარებით, პრაღაში ნიუ იორკის უნივერსიტეტი მმასპინძლობდა.

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო 6 თვე: გავეცანი ამერიკულ სასწავლო სისტემას, შევხვდი თავიანთი საქმის პროფესიონალ ლექტორებს, გავიგე უფრო მეტი მარკტინგის, რეკლამის, პიარ ტექნოლოგიების შესახებ. მოვხვდი ინტერკულტურულ სივრცეში და შევიძინე ახალი მეგობრები.

დამოუკიდებელი ცხოვრების გამოცდილებასთან ერთად მივიღე ცოდნა, რომელიც დარწმუნებული ვარ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ დადგომის საშუალებას მომცემს ჩემს პროფესიაში და ალბათ, ჟურნალისტიკა სხვა არაფერია თუ არა კონკურენცია.

გაცვლითმა პროგრამამ მასწავლა საკუთარი თავის დამკვიდრება ახალ სივრცეში და შემძინა უფრო მეტი თავდაჯერებულობა.დაბრუნების შემდეგ კვლავ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელე სწავლა და ახლა უკვე სტაჟირების გავლის შანსი მეძლევა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქართულ ელექტრონულ გამოცემაში.


ანანო კირვალიძე
მედიის სკოლის სტუდენტი
ლატვია, 2015anano kirvalidze

2015 წელი ჩემთვის იმ გამოწვევებით დაიწყო, რასაც მარტო ცხოვრება და დიდი გამოცდილების მიღება ჰქვია. კავკასიის უნივერსიტეტმა მომცა შანსი და შესაძლებლობა ერთი სემესტრით რიგაში, კერძოდ ტურიბის უნივერსიტეტში გამეგრძელებინა სწავლა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვისი დახმარებითაც ცოდნა გავიღმავე, ამხელა ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე და ბევრი ახალი მეგობარიც შევიძინე; გავეცანი როგორც ლატვიის, ასევე სხვა ევროპული ქვეყნების კულტურასაც.

კავკასიის უნივერსიტეტში ადვილი არ არის, იყო წარმატებული სტუდენტი, თუმცა ვხედავ, მონდომებით, შემართებით და უკვე გაღრმავებული ცოდნით როგორ ვყალიბდებით პროფესიონალ ჟურნალისტებად მეც და ჩემი მეგობრებიც.

ახლა ჯერ კიდევ გაცვლით პროგრამაში ვარ და ვიცი, რომ აქ შეძენილი ცოდნა წინსვლაში, წარმატებებში და ჩემი მომავლის სწორად წარმართვაში დამეხმარება.

მარიამ ცანავა
მედიის სკოლის სტუდენტი
პრაღა 2014

mariami
კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის დახმარებით მომეცა საშუალება ერთი სემესტრი პრაღაში,  ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მესწავლა. უნივერსიტეტმა მთლიანად აანაზღაურა მგზავრობის, სწავლების და საცხოვრებლის ხარჯები.

4 თვის განმავლობაში ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში და ვსწავლობდი მედიის   ფაკულტეტზე. პრაღაში გავიარე 5 საგანი რამაც საშუალება მომცა უკეთ გამეცნო და შემესწავლა ჩემი  სფერო. ამის გარდა ვნახე როგორია სტუდენტური ცხოვრება ევროპაში და გავეცანი მათ კულტურას.
 
სწავლასთან დაკავშირებით პრობლემები არ შემქმნია, რადგან სწავლების სისტემა მსგავსი იყო. ამაზე  მეტად  მუდამ მოღრუბლულ და ცივ ქალაქში ცხოვრება გამიჭირდა, თუმცა ეს პრობლემაც მალე  მოგვარდა. პრაღაში  გატარებული 4 თვე ყველაზე დატვირთული, საინტერესო და ბევრის მომცემი იყო  ჩემს ცხოვრებაში. უდიდესი გამოცდილების გარდა, რომელიც ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლისას მივიღე, ვისწავლე სხვადასხვა ხალხთან ურთიერთობა, მათი კულტურა, ქვეყნის ისტორია და ეს ყველაფერი ცხოვრების ბოლომდე გამყვება.

ჩემმა დეკანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა მომცა საშუალება მიმეღო პრაქტიკული გამოცდილება და პრაღიდან ტელეკომპანია მაესტროსთვის გავაკეთე ჩართვა. ეს გამოცდილება ძალიან სანერვიულო, თუმცა ასევე ბევრის მომცემი იყო ჩემთვის, რადგან ვისწავლე როგორ უნდა მოქცევა კამერასთან და მივიღე ნამდვილი გამოცდილება.

დიდი მადლობა ამ გამოცდილებისთვის კავკასიის უნივერსიტეტს!

ირინა კურტანიძე
მედიის სკოლის სტუდენტი
ვენა 2014

irinka"სამყარო წიგნია. ის ვინც არ მოგზაურობს, მის მხოლოდ ერთ გვერდს კითხულობს."

კავკასიის მედიის სკოლამ საშუალება მომცა "სამყაროს წიგნის" რამდენიმე გვერდი წამეკითხა იმ ექვსი თვის განმავლობაში, როდესაც სტაჟირება უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მთავარ შტაბ-ბინაში გავიარე. ეუთოში მუშაობის დაწყებისას არ ვიცოდი, როგორ გამომევლინა ის ცოდნა, რომელიც უნივერსიტეტში მივიღე. შეშინებული ვიყავი უცხო გარემოთი, მარტო ცხოვრებითა და უდიდესი პასუხისმგებლობით,რომელიც უცებ, არსაიდან დამეკისრა.არ ვიცოდი საკუთარი თავის რეალიზება როგორ მომეხდინა. თუმცა, იმ პრაქტიკული და თეორიული ცოდნით,რომელიც კავკასიის უნივერსიტეტში შევიძინე შევძელი თავიდანვე დამემკვიდრებინა ადგილი თანამშრომლებს შორის და თანასწორად მეკეთებინა ის საქმე, რომელსაც ისინი აკეთებდნენ. უკან დაბრუნებისას, როდესაც მთხოვეს დასამშვიდობებელი სიტყვა წარმომეთქვა, მივხვდი რომ ექვს თვეში გავიზარდე და ჩამოვყალიბდი იმ პროფესიონალად,რომელზეც ვოცნებობდი რომ ერთ დღეს ვიქნებოდი.

რთულია სიტყვებით გადმოვცე ის მოგონებები და განცდები, რომლებიც ქალაქ ვენასთან მაკავშირებს. ეს იყო მოგზაურობა ევროპის ულამაზეს ქალაქებში, ადამიანები მთელი მსოფლიოდან, დაუვიწყარი ისტორიები და გამოცდილებები. ეს იყო სხდომები დახურულ კარს მიღმა, სადაც გაანიხილებოდა მსოფლიოს უმნივნელოვანესი საკითხები, ინტევიუები ადამიანებთან, რომლებსაც მხოლოდ ეკრანიდან ვიცნობდი, პირისპირი შეხვედრები მრავალი ქვეყნის პრეზიდენტთან. საშუალება მესწავლა და მემუშავა იმ ადამიანებთან, რომლებიც საუკეთესოებად ითვლებიან კომუნიციის სფეროში, შესაძლებლობა მათი დახმარებით დამეგეგმა და გამეშუქებინა მიმდინარე მნიშვნელოვანი ღონისძიებები. ეს იყო ექვსი თვე, რომელმაც შემასწავლა ყველაფერი ის, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობასა და მედიას ეხება.

კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლამ გარდა იმისა,რომ მთლიანად დამიფინანსა ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯები(ოთხი წლის განმავლობაში რეიტინგში ყოფნის გამო), ასევე ხელი შემიწყო დისტანციურად გამევლო საგნები. ლეტქორები დატვირთული გრაფიკისა და დროის სხვაობის მიუხედავად,skype-ის საშუალებით მიკითხავნდნე ლექციებს, მიგზავნიდნენ მასალებს და შემდეგ იბარებდნენ მათ. მივიღე მონაწილეობა კონფერენციაში, სადაც ასევე skype-ის საშუალებით შევძელი წარმედგინა ჩემი ნაშრომი. ვენაში ცხოვრების განმავლობაში: ლექტორების, დეკანისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების დამსახურებით, არცერთხელ მიგვრძნია,რომ ჩამოვრჩი ჩემს ჯგუფს. სწორედ მათი თანადგომით ვახერხებდი დაძაბულ გარემოში მუშაობას, უნივერსიტეტში სწავლასა და ულამაზესი მოგონებების დაგროვებას.

დიდი მადლობა კავკასიის უნივერსიტეტს: პრაქტიკული,თეორიული და ცხოვრებისეული გამოცდილების გამო,რომელმაც მე პიროვნებად და პროფესიონალად ჩამომაყალიბა.

ნათია ზარდიაშვილიnatia zardiashvili
მედია სკოლის სტუდენტი
საფრანგეთი, რეიმსი, 2014

მთავარი მიზეზი, რის გამოც კავკასიის მედიის სკოლაში ჩავაბარე, გაცვლითი პროგრამები იყო. ასეთი საშუალება ორჯერ მომეცა, ჯერ პირველ კურსზე წავედი სამი კვირით ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში, შემდეგ კი უკვე მეოთხე კურსზე მივიღე მონაწილეობა პროექტში - "რეიმსის მედია-საქართველო".

სხვადასხვა ქართული უნივერსიტეტებიდან არჩეულ სტუდენტებთან ერთად 1 კვირის განმავლობაში საფრანგეთის ულამაზეს რეგიონ, შამპან-არდანში ვცხოვრობდი, ქალაქ რეიმსში. პროექტს ჟურნალისტები, დიანა ჭანკოტაძე და ჟულიენ ლამპანი ხელმძღვანელობდნენ.

ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ რომ ერთი კვირა ძალიან ცოტაა. მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ პროექტის ყოველი დღე მაქსიმალურად დატვირთული იყო. თბილისში დაბრუნებულს ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რამდენიმე თვე გავატარე რეიმსში. ვერ წარმომედგინა, თუ ამდენი რამის მოსწრება შეიძლებოდა ასეთ მცირე დროში.

ამ შვიდი დღის განმავლობაში ჩვენ ვესტუმრეთ ტელევიზია "Fრანცე 3-ს", ფრანგულ ენაზე ჩავწერეთ გადაცემა "ღადიო ჟეუნე ღეიმს-ში", ვიმუშავეთ ფოტოპროექტზე ფრანგ ფოტოგრაფთან ერთად, ვესაუბრეთ უამრავ ჟურნალისტს, პროდიუსერს, "ფრილანსერს", რომლებიც ადგილობრივი მედიის სპეციფიკაზე, სტანდარტებსა და ეთიკის ნორმებზე გვიყვებოდნენ. პირადად ჩემთვის, განსაკუთრებით საინტერესო იყო მულტიმედიურ გამოცემა "Uნიონ-ში" ერთი დღით მუშაობა ვებ-ჟურნალისტთან ერთად, რომელსაც მონტაჟის დროს პრობლემები შეექმნა და მე დავეხმარე მასალის გასწორებაში. ძალიან გაუკვირდა, როცა აღმოჩნდა, რომ მასზე უკეთ მასწავლეს მედიის სკოლის ლექტორებმა სამონტაჟო პროგრამა.

მედიაექსკურსიების გარდა, ვათვალიერებდით ადგილობრივ ღირშესანიშნაობებსაც, ბოლო დღე კი პარიზში გავატარეთ. პროექტი ფრანგულენოვანი იყო, რაც გარკვეულწილად ენობრივ ბარიერს ქმნიდა, თუმცა ესეც დამატებითი გამოცდილება და პრაქტიკა იყო ჩემთვის.

საერთო ჯამში, პროექტი ძალიან დამღლელი, მაგრამ ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული იყო. თავიდან მეშინოდა, რომ ფრანგულ ენაზე ბევრს ვერაფერს გავიგებდი და ძალიან მიხარია, რომ ამის გამო უარი არ ვთქვი ამ გამოწვევაზე. დისკომფორტი მხოლოდ პირველ დღეს მქონდა.

გაცვლითი პროგრამები ნებისმიერ სტუდენტს ძალიან დიდ გამოცდილებას აძლევს, ამიტომ ყველა უნდა ეცადოს მაქსიმალურად გამოიყენოს ეს შესაძლებლობები. პროფესიული ზრდის გარდა, ეს საკუთარი თავის გაცნობაშიც ძალიან დაგეხმარებათ.

სალომე მოდებაძე
მედიის სკოლის სტუდენტი
ჩესტერი, დიდი ბრიტანეთი 2012

კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლამ მომცა საშუალება, ერთი სემესტრი მესწავლა დიდი ბრიტანეთის ჩესტერის უნივერსიტეტში. ამით მედიის სკოლის პირველ გაცვლით პროგრამას ჩაეყარა საფუძველი. რადგან მესამე კურსი ყველაზე მაღალი რეიტინგით დავხურე, უნივერსიტეტმა ჩემი ჩესტერში სწავლებისა და ცხოვრების საფასური მთლიანად დაფარა. გარდა ამისა, კავკასიის უნივერსიტეტმა დამატებით დამინიშნა სტიპენდიაც ყოველდღიური ხარჯისთვის.

salome modebadze studenturi cxovrebaსამი თვის განმავლობაში ვცხოვრობდი ჩესტერის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში და ვსწავლობდი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. დიდ ბრიტანეთში გავიარე 5 საგანი და დამატებით დავდიოდი ინგლისური ენის კურსებზე, რასაც ჩესტერის უნივერსიტეტი ყველა საერთაშორისო სტუდენტს უფასოდ სთავაზობს.

ჩესტერში ყოფნისას შევიძინე ბევრი მეგობარი სხვადასხვა ქვეყნიდან და მომეცა საშუალება მიმეღო უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება ჩემს პროფესიაში. ვერ გეტყვით, რომ თავიდან ძალიან ადვილი იყო. რა თქმა უნდა, იყო ბევრი სირთულე – ენის ბარიერი, სწავლების განსხვავებული სისტემა, თუმცა ჩესტერის უნივერსიტეტში იმდენად თბილი და მეგობრული გარემოა შექმნილი, რომ ყველა სტუდენტი თუ ლექტორი მზად არის პრობლემის გადაჭრაში დაგეხმაროს. ამიტომ სირთულეება მალე გაიარა და ინგლისურ სტუდენტურ ცხოვრებასაც რამდენიმე კვირაში მშვენივრად ავუწყვე ფეხი.

საკმაოდ დატვირთულ სწავლის გრაფიკთან ერთად უნივერსიტეტის შიგნით ყოველკვირეულად ეწყობოდა სხვადასხვა საინტერესო და გასართობი ღონისძიებები, რაც განტვირთვისა და მეგობრების შეძენის ძალიან კარგი საშუალება იყო. დასვენების დღეებში ჩემს უცხოელ მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობდი დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში. შთაბეჭდილებები ძალიან დიდი იყო.

დიდ ბრიტანეთში გატარებულმა სამმა თვემ მომცა იმის საშუალება, რომ გავმხდარიყავი უფრო მეტად დამოუკიდებელი, ახლოს გავცნობოდი დასავლურ მედიას და ინგლისურ ენაზე შემექმნა ჟურნალისტური კონტენტი: დამეწერა ნიუსები, პროფაილები, მომემზადებინა ინტერვიუები, გადამეღო და დამემონტაჟებინა დოკუმენტური მასალები, ჩამეტარებინა მედიის კვლევა. ერთი სიტყვით, მიმეღო ის პრაქტიკული და თეორიული ცოდნა, რაც ჟურნალისტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია.

მადლობა კავკასიის უნივერსიტეტს, რომელმაც ამის საშუალება მომცა!

სალომე კვირიკაშვილი
მედიის სკოლის სტუდენტი
ჩესტერი, დიდი ბრიტანეთი 2012

salome
საზღვარგარეთ სწავლაზე არასდროს მიფიქრია, რადგან კავკასიის მედიის სკოლაში საერთაშორისო დონის     განათლებას ისედაც ვიღებდი. თუმცა მას შემდეგ, რაც გავიგე რომ უნივერსიტეტი ორმაგი დიპლომის აღების შანსს   მაძლევდა, ერთი წუთი არ დავფიქრებულვარ, ისე გადავწყვიტე დიდ ბრიტანეთში გამგზავრება.

ეს გზა არ იყო მარტივი. ყველაზე დიდი სირთულე, რასაც პირველი შევეჯახე, იყო ენის ბარიერი.
თავდაპირველად, მიჭირდა გამეგა ლექტორების საუბრის დეტალები. მიჭირდა ბრიტანულ სწავლების სისტემასთან შეგუებაც - კავკასიის მედიის სკოლაში ჩვენ ამერიკული სისტემით ვსწავლობდით. ამერიკული და ბრიტანული სწავლების მეთოდებსა და ადმინისტრირებას შორის კი მკვეთრი განსხვავებაა.

მოკლედ, უნდა ვაღიარო, რომ ადვილი არ იყო,მაგრამ დაახლოებით 3 თვეში ეს ბარიერები მოიხსნა. რაშიც ჩესტერის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და ლექტორები ამაში ძალიან დამეხმარნენ. ისინი ორიენტირებული იყვნენ უცხოელი სტუდენტებისათვის კომფორტული გარემოს შექმნაზე. ყოველი კვირის ბოლოს გამართულ საღამოებზე ვერთობოდით კიდეც და პრობლემებზეც ვსაუბრობდით.

საბოლოოდ დიდ ბრიტანეთში გატარებულმა ერთმა წელმა პროფესიული თვალსაზრისით, დიდი გამოცდილება მომცა. უნივერსიტეტს ჰქონდა ყოველდღიური ონლაინ გაზეთი, რომლისთვისაც ვამზადებდი ახალ ამბებს. ასევე, საშუალება მომეცა შემექმნა საკუთარი ყოველთვიური ჟურნალი, რომლის დიზაინზეც კი თავად ვიმუშავე. ფინალში კი, წარმოიდგინეთ: ინგლისურად დავიცავი დისერტაცია და რაც ყველაზე მთავარია, აღმოვაჩინე, რომ საფუძვლიანად გავეცანი ინგლისური მედიის მუშაობის სპეციფიკას.

ჩემი რჩევა ამ ყველაფრის შემდეგ ალბათ ლოგიკურია: საზღვარგარეთ სწავლის შანსი არც ერთმა სტუდენტმა არ უნდა გაუშვას.

კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.