Nino Zhizhilashvili f3iTcmZtPv

როცა გინდა კარგად წერო, ბევრი უნდა იკითხო. ბევრი კითხვა ცხოვრებასაც საინტერესოს ხდის და თქვენც საინტერესოს გხდით გარემოსთვის. როცა ბევრი გაქვთ წაკითხული და უკვე კარგადაც წერთ, თქვენს ნაწერებს სხვები კითხულობენ. ნახეთ რამხელა ამბავია? ის რასაც თქვენი ხელიდან უშვებთ, საზოგადოებაში გადის, თქვენგან აღარ კონტროლდება.

...და როცა პირველ გამოხმაურებას იღებთ, როცა ხვდებით, რომ უკვე შეგნიშნეს, მაშინ იწყება ის, რაც არ გეგონათ, თუ ასე დაგიპყრობდათ და ცხოვრების წესად გექცეოდათ. თქვენ ჟურნალისტი ხდებით.

თუკი, კიდეც წერთ და ურთიერთობის იმ ფორმებსაც ფლობთ, რაც ბევრი წაკითხულის შედეგად ნაფიქრს და შემდეგ დაწერილს, ყურითაც მოსასმენს ხდის და თვალითაც კარგად სანახავს, თქვენ ხელთ უკვე კომუნიკაციის სოლიდურ ბერკეტს ფლობთ. ამ ბერკეტით თქვენ დამკვეთებისთვის – საზოგადოებისთვის ბევრი რამის შეცვლა შეგიძლიათ. თქვენზეა დამოკიდებული ადამიანების კეთილდღებაც. როგორ? მათთვის ამბის სწორად მიტანით, მათი ინფორმირების გზით.

...და როცა თქვენ უკვე ქუჩაში გცნობენ და როცა მხოლოდ ნაწილობრივ თავისუფალ საზოგადოებაშიც ცხოვრობთ, ხშირია ცდუნება: პირადი კეთილდღეობა, თუ საზოგადოებრივი ინტერესი. აქ არჩევანის გაკეთებისას მთავარია არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ დამკვეთად კვლავაც მხოლოდ მკითხველი, მსმენელი, მაყურებლი - მათი შეკითხვების დასმა და ამ კითხვებზე პასუხების ძიება რჩება. უნდა იცოდეთ, რომ თუკი ამაზე უარს ამბობთ, უარს ამბობთ პროფესიაზეც.

მოკლედ, ეს ჟურნალისტიკაა. კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმა, რომლისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებსაც, კავკასიის მედიის სკოლაში, ძალიან კარგ ზოგად განათლებასთან ერთად დაეუფლებით. ისწავლით როგორ იყოთ უნივერსალური მედია პროფესიონალი, როგორ მართოთ მედია საშუალებები, როგორ აწარმოოთ ურთიერთობა საზოგადოებასთან – ყოველდღიურადაც და კრიზისულ სიტუაციებშიც.

ისწვალით მათგან, ვინც ეს ყველაფერი მწყობრად და დასავლური სტანდარტით უკვე ისწავლა და ვინც თეორიული ცოდნის პარალელურად, საქმეს პრაქტიკულად ყოველდღიურად აკეთებს; ვისაც უკვე დამსახურებულად აქვს ნდობა; ვინც თქვენ პირველივე წუთიდან შემოგხედავთ, როგორც თანასწორს, მეგობარს, ზრდასრულს.

რას ისწავლით კავკასიის მედიის სკოლაში განსხვავებულს და განსაკუთრებულს? ვეცდები ერთ აბზაცში ჩავატიო ის, რაც ყველაზე მეტად მეჩქარებოდა მეთქვა: ისწავლით და გაიაზრებთ, რომ არაფერში გარგიათ კარგი უნარ-ჩვევები, თუკი არ აიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რასაც შექმნით - ინფორმაციაზე, რასაც თქვენგან საზოგადოებისკენ გაუშვებთ, ან პირიქით, არ გაუშვებთ; გეცოდინებათ, რომ ყველაზე ძვირფასი თქვენთვის აუდიტორიის ნდობაა; რომ ნდობის მოპოვებას წლები ჭირდება, დაკარგვას – წუთი. 

საბაკალავრო დონეზე აბიტურიენტებს წელს გელით 3 პროგრამა:
  • ჟურნალისტიკა/მასობრივი კომუნიკაცია
  • მედია და ხლოვნება
  • PR-ის (პიარი - საზოგადოებასთან ურთიერთობა)

სამაგისტრო დონეზე CSM გთავაზობთ 2 პროგრამას:
  • ჟურნალისტიკა/მასობრივი კომუნიკაცია
  • სტრატეგიული კომუნიკაცია (პიარი, მარკეტინგი, მენეჯმენტი, რეკლამა)


მრავალფეროვანი არჩევანი თქვენი დასაქმების არეალის მრავლფეროვნებას გასაზღვრავს. მედიის სკოლის პროგრამების დასრულების შემდეგ შეგეძლებათ იმუშაოთ ბეჭდურ და ინტერნეტ გამოცემებში, რადიოებში, ტელევიზიებში, ახალი თაობის ინტეგრირებულ რედაქციებში; შეიძინოთ კარგი მედია მკვლევარისთვის, მედიამენეჯერისთვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტისთვის აუცილებელი უნარ–ჩვევები. მედიისა და ხელოვნების პროგრამაზე სწავლა კი შეგძენთ არა მხოლოდ უნიკალურ სახელოვნებო განათლებას, არამედ დაგეხმარებათ, რომ თქვენი შესაძლებლობები მოსინჯოთ ფოტოგრაფიაში, დოკუმენტური ფილმის ჟანრში, ტელერეჟისურაში, სარეკლამო ინდუსტრიაში.

კავკასიის მედიის სკოლა ხელს შეგიწყობთ, რომ ისწავლოთ საზღვარგარეთ, გაიცნოთ მედია ბაზარი, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშივე იქცეთ პროფესიონალ პრაქტიკოსად და დასაქმდეთ. მოკლედ, გელით ყველას, ვისაც მედია, ხელოვნებისა და კომუნიკაციების სფერო გაინტერესებთ. CSM თქვენ თანამედროვე სამყაროს ნაწილად გაქცევთ.

 
ნინო ჟიჟილაშვილი,
კავკასიის მედიის სკოლის დეკანი